10 მიზეზი, თუ რატომ არის მოგზაურობა მნიშვნელოვანი


ზოგადად მოგზაურობა – ეს არის ახალი ადგილების ნახვა, რომელსაც შეიძლება, დროდადრო დაუბრუნდე, მაგრამ უფრო ღრმად რომ განვიხილოთ, ის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საზღვრების დატოვება. გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი უცხო კულტურების, სამზარეულოებისა და ლანდშაფტების გაცნობით. ამ დროს გადახდენილი თავგადასავლები არამარტო თქვენს ფოტოებზე დარჩება, ის აუცილებლად მოახდენს დიდ გავლენას თქვენს პიროვნულობაზე, რაც ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოგზაურობა უმნიშვნელოვანესია.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ადგილის მონახულება – ესაა ფულის გადაყრა მაშინ, როდესაც შეგიძლია, სახლისთვის გადაინახო ან დააგროვო „მომავლის შესაქმნელად“, თუმცა მოგზაურობის შემდეგ შეძენილი გამოცდილება, შთაბეჭდილებები, ემოციები, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად დადებითად აისახება თქვენი პიროვნულობის ჩამოყალიბებასა და პროგრესირებაში, გაცილებით უფრო ღირებულია.

გჭირდებათ მყარი არგუმენტები, რათა დაარწმუნოთ თქვენი თავი ან სხვა მოგზაურობის აუცილებლობაში? წარმოგიდგენთ ათ მიზეზს, თუ რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული.

1. მას გამოყავხართ თქვენი კომფორტის ზონიდან

არ აქვს მნიშვნელობა, დამოუკიდებლად დადიხართ თუ ჯგუფურად, თქვენ აბიჯებთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, რომელიც შეიძლება, ძალიან განსხვავდებოდეს თქვენი კომფორტის ზონისგან.

შესაძლოა, აქამდე არასდროს გიმოგზაურიათ მარტო ან თუნდაც უცხო ხალხის გარემოცვაში, თავდაპირველად ეს შიშს იწვევს, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გაბედოთ, გაოცდებით შედეგად მიღებული გარდაქმნით.

დიდი შანსია, იპოვოთ თქვენში თავდაჯერებულობა, რომელიც აქამდე არ გქონიათ, ან მიიღოთ ახალი გამოწვევა, რასაც წარსულში ხელს არც კი მოკიდებდით.

2. ის ცხოვრებას უფრო პერსპექტიულს ხდის

თუ გაიზარდეთ ისეთ კომფორტში, რომელსაც თანამედროვე სამყარო გთავაზობდათ, გქონდათ შესაძლებლობა, გევლოთ სკოლასა თუ უნივერსიტეტში, მოგზაურობისას მარტივად მიხვდებით, რომ ეს მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი სულაც არ არის.

განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ნახვა შესაძლებელია იყოს დიდი გამომაფხიზლებელი გამოძახილი თქვენთვის, რამაც გიბიძგოთ, რომ მომავალი სულ სხვა კუთხით წარმართოთ. მომდინარე ცხელი წყალი, თანამედროვე მოწყობილობები, სწავლისა და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა, ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, ადვილად მისაღწევი გვგონია, რეალურად კი – ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

შეიძლება, თქვენ სულ სხვა შთაბეჭდილებით დაბრუნდეთ მსგავსი ქვეყნების მონახულების შემდეგ და უფრო მეტად დააფასოთ ის შესაძლებლობები, რასაც ცხოვრება უანგაროდ გთავაზობთ.

3. შეიძენთ ახალ მეგობრებს მსოფლიოს მასშტაბით

მოგზაურობის ერთ-ერთი დადებითი თვისება არის მეგობრები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეიძენთ. თქვენ გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, თუ როგორ ახლოს შეგიძლიათ იყოთ ისეთ ადამიანთან, რომელიც გარემოებამ იმავე ადგილას მოახვედრა, სადაც თქვენ.

მოგზაურობა, ასევე, აღრმავებს ურთიერთობას თანამშრომლებს შორისაც, რომლებმაც საერთო მოხალისეობრივი მსვლელობები წამოიწყეს. დაუვიწყარი ხედები, ადგილობრივი კულტურა და საზოგადოება, მათი ცხოვრების წესი, ურთიერთობა – მცირე ჩამონათვალია იმ გამოცდილებებისა, რომელთაც უბრალოდ ტელევიზორიდან ან წიგნიდან ვერანაირად შეიძენთ.

4. ძალიან კარგია თქვენი რეზიუმესთვის

შესვენების აღება მოგზაურობისთვის ყოველთვის კარგად გამოჩნდება თქვენს რეზიუმეში, დამსაქმებელი ამას დაინახავს, როგორც შეძენილ უდიდეს გამოცდილებას, რაც მათ თვალში უკეთეს თანამშრომლად გაქცევთ. უმეტესობა მიიჩნევს, რომ საზღვრებს გაცდენა ავითარებს თვითდაჯერებულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიონალად ჩამოყალიბების საქმეში.

5. აღმოაჩენთ მსოფლიოს გასაოცარ კულტურულ მრავალფეროვნებას

მაშინაც კი, თუ ცხოვრობთ მულტიკულტურულ საზოგადოებაში, თქვენ ირგვლივ არის სხვადასხვა რწმენისა და კულტურის მქონე ხალხი, ეს არის მხოლოდ ზედაპირი იმისა, რაც საზღვრებს მიღმა რეალურად დაგხვდებათ.

მოგზაურობა ერთ-ერთი გზაა, ჩაიძიროთ მსოფლიოს კულტურულ მრავალფეროვნებაში. ფესტივალებიდან დაწყებული – საჭმელებით დამთავრებული, ქორწილები და დაკრძალვის ცერემონიები შესანიშნავი საშუალებაა, დაინახოთ, თუ როგორ განსხვავდება ადამიანთა ცხოვრების სტილი ერთმანეთისგან; როგორ აღნიშნავენ ცხოვრებას უძველესი ტრადიციების დაცვით და გადმოაქვთ ისინი ყოველდღიურობაში.

6. ნახავთ ისეთ ადგილებს, რომელთა არსებობასაც ვერასდროს წარმოიდგენდით

თუ ოდესმე გატაცებული ყოფილხართ ეგზოტიკური ლანდშაფტების ფოტოგრაფიით, დამტკბარხართ მისი შორიდან ცქერით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნება იქნება, თუ ამ ყველაფერს არა ფოტოს საშუალებით, არამედ პირადად იხილავთ და მისი ნაწილი გახდებით.

მოგზაურობისას ლაშქრავთ ულამაზეს ლანდშაფტებს, ნახულობთ ისეთ ადგილებს, რომლის არსებობაზეც წარმოდგენაც არ გქონდათ, რაც მთავარია, სიამოვნებას მოგანიჭებთ არამარტო მათი დათვალიერება, არამედ ის შეუცვლელი შეგრძნება, რაც ამ დროს დაგეუფლებათ. რა თქმა უნდა, მათი ნახვა შესაძლებელია სამოგზაურო ბროშურებსა თუ ინტერნეტში, მაგრამ არაფერი შეედრება ემოციას, რომელიც მათი რეალურად ნახვისას მოდის.

7. შესაძლებელია, ისწავლოთ ახალი ენა

მოგზაურობა ძალიან კარგი საშუალებაა, დაეუფლოთ უცხო ენას. საკმარისია, ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ უცხოენოვან სოციუმში, გაოცდებით, თუ როგორ მალე შეძლებთ მის სწავლას ყოველდღიური ურთიერთობებით. თუნდაც უცხოურად მხოლოდ "გამარჯობა, როგორ ხარ?" იცოდეთ, დიდია შანსი, ადგილობრივები დაგეხმარონ მათი ენის ათვისებაში.

8. შეიძენთ დაუვიწყარ მოგონებებს

როგორიც არ უნდა იყოს თავდაპირველი მოლოდინი და სამოგზაურო გეგმები, ის ისეთი შთამბეჭდავი იქნება, რომ მასზე სცენარის დაწერას ჯოან როულინგიც ვერ შეძლებდა. ზოგჯერ ყოველი დღე გაძლევს წარმოუდგენელ გამოცდილებას, მოგზაურობა ველურ გარემოში კი ყველასათვის საყვარელი ისტორიაა მოსაყოლად.

9. დააგემოვნებთ სრულიად ახალ სამზარეულოს

ახალი ადგილებისა და კულტურის აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი არის საჭმელი! ეს შეიძლება იყოს კრემიანი ქოქოსის შიგთავსი და შემწვარი მწერები ტაილანდში, ცუდი სუნის მქონე ზვიგენი ისლანდიაში ან შემწვარი ზღვის გოჭები პერუში, მაგრამ განუმეორებელი დელიკატესები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოგიდგენთ მათთვის დამახასიათებელ უნიკალურ გემოსა და ტრადიციებს. სამზარეულოს გაკვეთილები კარგი გზაა განსხვავებული ტექნიკისა და ინგრედიენტების დასაუფლებლად, რომელიც მოგვიანებით უკან დაბრუნებისას აუცილებლად გამოგადგებათ მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოხიბვლაში.

10. მოგზაურობის ბედნიერება არის შეუცვლელი!

ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე კომფორტის, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ნივთებისაგან მოწყვეტა საშინლად ჟღერს, მაგრამ მოგზაურობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე კომფორტის ზონიდან გამოსვლა; ეს არის პროცესი, რომელიც დაუვიწყარ ბედნიერებას განიჭებს. შესაძლებელია, უბრალოდ თავისუფლებაა დედლაინებისა და ყოველდღიური მძიმე სამუშაოებისაგან, ან სიახლეები, რომლებიც სავსეა ახალი ადგილებით, საჭმლით, კულტურითა და მეგობრებით, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ შთაბეჭდილებებზე გაცილებით მეტია;

მოგზაურობა საუკეთესო გზაა რეალიზაციისთვის, ცხოვრების დასაბალანსებლად, რაც საბოლოო ჯამში შექმნის უფრო ბედნიერ, ჯანმრთელ და სიცოცხლით სავსე პიროვნებას თქვენი სახით!

 

წყარო:www.buildabroad.org