როგორ ვიქცევით, როცა ბარგი იკარგება, ზიანდება და იგვიანებს?


 

მოგზაურობა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველწლიურად მსოფლიოში ავიატრანსპორტით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ავიამგზავრობის დროს ბარგის დაკარგვა, დაგვიანება ან დაზიანება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ეს ნებისმიერ მგზავრს შეიძლება შეემთხვეს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ მოიქცეთ ბარგის დაზიანების, დაგვიანების ან დაკარგვის შემთხვევაში.

 

ბარგის დაზიანების შემთხვევაში:

 

  • შეინახეთ თქვენი ჩასხდომის ბარათი და ბარგის ჩაბარების ბარათი. თუ ჩასხდომის ბარათი არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ავიაკომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომელიც შეიცავს ჯავშნის ნომერს.
  • შეაგროვეთ მტკიცებულებები - დაზიანებული ბარგის მიღებისთანავე, რაც შეიძლება მალე სურათი/ვიდეო გადაუღეთ დაზიანებულ ჩემოდანს ან მასში განთავსებულ ნივთებს.
  • წარადგინეთ საჩივარი (Property Irregularity Report-PIR) ავიაკომპანიაში რაც შეიძლება მალე. ზოგადად, თქვენ გაქვთ 7 დღე დაზიანებული ბარგის გამო საჩივრის წარსადგენად, თუმცა უმჯობესია საჩივარი წარადგინოთ აეროპორტის დატოვებამდე, აეროპორტის შესაბამის განყოფილებაში.
  • საჩივრის წარდგენის შემდეგ თქვენს საქმეს მიენიჭება სპეციალური ნომერი, რაც ასევე უნდა შეინახოთ. წარუდგინეთ თქვენი დაზიანებული ბარგი შესამოწმებლად ავიაკომპანიას. უმჯობესია ასე მოიქცეთ ჯერ კიდევ აეროპორტში ყოფნისას. ამის შემდეგ, დაზიანების ხარისხის მიხედვით უნდა მოილაპარაკოთ ავიაკომპანიასთან თუ რა ფორმით მოხდება ზიანის ანაზღაურება (ბარგის შეკეთება, ახლით ჩანაცვლება, თანხის გადახდა ა.შ.).

 

გაითვალისწინეთ, რომ ჩემოდნის დაზიანების დროს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ჩემოდნის ღირებულების დადგენას, ამიტომ კარგი იქნება თუ კი ჩემოდნის შეძენის შემდეგ ჩეკს შეინახავთ რათა მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. თუ ჩემოდანში რაიმე ძვირად ღირებული ნივთი გიდევთ და ისიც დაზიანდა, კარგი იქნება თუ კი ამ ძვირად ღირებული ნივთის შეძენის ჩეკიც შენახული გექნებათ. ზოგადად, დაზიანებული ნივთის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა გაგიიოლებთ ზიანის ანაზღაურებას.

 

ბარგის დაგვიანების დროს:

 

  • შეინახეთ თქვენი ჩასხდომის ბარათი და ბარგის ჩაბარების ბარათი. თუ ჩასხდომის ბარათი არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ავიაკომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომელიც შეიცავს ჯავშნის ნომერს.
  • წარადგინეთ საჩივარი ავიაკომპანიაში რაც შეიძლება მალე. უმჯობესია ეს გააკეთოთ აეროპორტის დატოვებამდე, აეროპორტის შესაბამის განყოფილებაში.
  • საჩივრის წარდგენის შემდეგ თქვენს საქმეს მიენიჭება სპეციალური ნომერი, რაც ასევე უნდა შეინახოთ.
  • დაკარგული ბარგის გამოჩენამდე, შესაძლებელია დაგჭირდეთ ბარგში არსებული და ყოველდღიურად საჭირო პირადი ნივთების ჩანაცვლება. ასეთი ნივთების შეძენის შემდეგ შეინახეთ ჩეკები. მას შემდეგ რაც თქვენი ბარგი დაგიბრუნდებათ, აღნიშული ჩეკები წარუდგინეთ ავიაკომპანიას რათა შეძლოთ მათი ღირებულების ანაზღაურება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ავიაკომპანია აანაზღაურებს მხოლოდ იმ ხარჯებს რისი გაწევაც მგზავრს აუცილებლად ჭირდებოდა ბარგის დაბრუნებამდე პერიოდში, გონივრულობის ფარგლებში. ზიანის ანაზღაურებისთვის საჩივრის წარდგენა შეგიძლიათ ბარგის დაბრუნებიდან 21 დღის ვადაში.

 

ბარგის დაკარგვისას:

 

  • ისევე როგორც ბარგის დაგვიანებისას, აეროპორტის დატოვებამდე უნდა შეავსოთ სპეციალური საჩივრის ფორმა და შეინახოთ თქვენი საჩივრისთვის მინიჭებული სპეციალური ნომერი.
  • ბარგი დაკარგულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში თუ კი ფრენის დასრულებიდან 21 დღის ვადაში ავიაკომპანიამ იგი ვერ დაგიბრუნათ, ან უფრო ადრეც, იმ შემთხვევაში თუ კი ავიაკომპანია აღიარებს რომ ბარგი დაკარგულია.
  • სანამ ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, შესაძლებელია სხვადასხვა პირადი მოხმარების ნივთის შეძენა დაგჭირდეთ რაც დაკარგულ ბარგში გქონდათ. ასეთი ნივთების შეძენის შემდეგ, შეინახეთ ჩეკები რათა მოგვიანებით ავიაკომპანიას წარუდგინოთ.
  • აეროპორტში ყოფნისას საჩივრის დაწერის დროს, მაქსიმალურად დეტალურად აღწერეთ ყველა ის ნივთი რაც ბარგში გქონდათ. კარგი იქნება თუ კი ბარგში არსებული ნივთების შეძენის ჩეკები გექნებათ შენახული, ეს დაგეხმარებათ ავიაკომპანიისგან სათანადო ოდენობით ზიანის ანაზღაურებაში.
  • მას შემდეგ რაც 21 დღე გავა ან უფრო ადრე ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, წარადგინეთ საჩივარი ავიაკომპანიაში და თან დაურთეთ ბარგში არსებული ნივთების სია, მათი შეძენის ჩეკები და აგრეთვე ყოველდღიურად საჭირო პირადი ნივთების შეძენის ჩეკები.

დაბოლოს, გახსოვდეს, რომ ავიაკომპანიასთან ნებისმიერი მსგავსი ან სხვა უსიამოვნების დროს ყოველთვის შეგვიძლია მოგვმართო ჩვენ, შეავსე აპლიკაცია ან მოგვწერე მისამართზე: claim@skylawyer.ge

გისურვებთ მშვიდ და უდარდელ ფრენას.

ავტორი: Sky Lawyer-ის გუნდი