ბილბაო - ბასკეთის გული


ბასკების წარმომავლობას და ბასკური ენის სხვადასხვა ენებთან კავშირს დიდი ხანია მეცნიერები იკვლევენ. იმასაც ამბობენ, რომ ბასკები და ქართველები ნათესავი ერები ვართ. როგორც ცნობილია, ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც საბჭოთა პერიოდში ქართველებმა იდენტობის დაკარგვის საფრთხე იგრძნეს. 

ბილბაოში პალმა დე მაიორკადან ჩავედი. ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Vueling ით, ბილეთი 24.99 ევრო დამიჯდა. თუმცა იქ ქართული ან საქართველოსთან ოდნავ მიახლოვებული არაფერი შემხვედრია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია. აეროპორიდან ქალაქის ცენტრში ავტობუსი A3247 მიგიყვანთ.

თანამედროვე არქიტექტურა, ვიწრო, უმანქანო ქუჩები, გოთიკურ სტილში აგებული შენობები, კათოლიკური ულამაზესი ტაძრები, ატლანტის ოკეანის ოქროსფერი სანაპირო, სერფერების სამოთხე, გემრიელი სამზარეულო, ესპანური ტემპერამენტი - მგონი, ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ბილბაო ტურისტულ მეგაპოლისად ჩავთვალოთ. თუმცა ყველაზე ცოტა, რაც ამ ქალაქში გვხვდება, სწორედაც რომ ტურისტია. 

არატურისტულ ქალაქს სულ სხვანაირი ხიბლი აქვს. ყოველ საღამოს გასართობად გამოსული ადგილობრივების ჟრიამული, ბასკური და ესპანური ენის მუსიკალური, ზოგჯერ უხეში ჟღერადობა, პარკებში მიმოფენილი ახალგაზრდები, დესპასიტოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია ცოცხლად შესრულებული, ბასკი ქალების სრულყოფილი სხეული, ხმამაღლა მოლაპარაკე კაცები, მშვიდი მოხუცები...

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობ ურთიერთობა ადგილობრივებთან მქონდეს. ასე აღმოვაჩენ ხოლმე იდუმალ, არაპოპულარულ და უფრო მეტად საინტერესო ადგილებს, უკეთესად ვეცნობი იქაურ კულტურას, ყოფით პრობლემებს. 

თუმცა მაინც პირველი, რაც ბილბაოსთან ასოცირდება, ეს გრანდიოზული გუგენჰეიმია. შესვლა 11 ევრო ღირს და აუდიო გიდი ზრუნავს, დეტალურად აღგიწეროთ ყველა დარბაზი, იმასაც გკარნახობთ, თუ რომელი ფანჯრიდან გადაიხედოთ ლამაზი ხედით ტკბობისთვის. პირველივე დარბაზში შესვლისას შეაბიჯებთ ლეგენდარული არქიტექტორის - ფრენკ გერის გონებაში.

რომ არა ბასკი ახლად შეძენილი მეგობრები, ვერასდროს აღმოვაჩენდი ომას ხეობაში შექმნილ ცოცხალი ხელოვნების ნიმუშს Bosque Animado de Oma, რომელიც 1984 წელს მოქანდაკე აგუსტინ იბაროლამ შექმნა. ავტორმა ფიჭვის ხეები გამოიყენა, როგორც ტილო და სხვადასხვანაირად მოხატა.

 

ბილბაოდან ბიზკაის სანაპირომდე მანძილი მეტროს 7 გაჩერებაა. ატლანტის ოკეანის ოქროსფერ ქვიშამდე სანამ მიხვალთ დასახლებაა კოხტა სახლებით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი ულამაზესი ხედი იშლება - პატარა კუნძული, აქაფებული ტალღები, მზე და მუქი ლურჯი ოკეანე.

 

კლიმატი ძალიან უცნაურია, ტემპერატურა ყოველთვის დაბალი, მაისის ბოლოს 19 გრადუსამდე ძლივს გათბა. პლაჟზე წამოგორებულს, როცა მზე სასიამოვნოდ გწიწკნის და გათბობს, შეიძლება თავსხმა წვიმა დაგატყდეს.

ერთ დღესაც ღამით გაიმზადეთ რამდენიმე სენდვიჩი, ცოტა ტკბილეული და წყალი. ჩაალაგეთ ჩანთა,გამოიძინეთ კარგად და დაისვენეთ, მოემზადეთ ემოციებისთვის. დილით კი გადით გაჩერებაზე და გაყევით ავტობუსს 3518, რომელიც ყოველ 30 წუთში დადის. ბოლო გაჩერებაზე ჩამოდით, საფეხმავლო ბილიკი შეგხვდებათ და დაახლოებით 5 კილომეტრი მარტივ გზაზე, ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მოგიწევთ სიარული. დატკბებით ხედებით, ტალღების ხმით, სუფთა ჰაერით, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, იარეთ, არ ინანებთ... და, აი ისიც! 

ბასკების წმინდა ადგილი - გაზტელუგაჩეს ციხესიმაგრე და სალოცავი. დიახ, აქ არის გადაღებული GOT ის ერთ-ერთი ეპიზოდი. მის გრანდიოზულობასა და უდიდებულესობაზე რამდენიც უნდა ვწერო, მაინც ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მისი ნახვისას დამეუფლა. ამიტომ ტყუილად არ გავაღვიძებ ჩემ წილ პაოლო კოელიოს მბურძგლავი ეპითეტების გამოსაყენებლად.

შესვლა უფასოა, რამდენიმე ასეული საფეხურის გავლა მოგიწევთ, აუცილებლად ძალიან ფრთხილად უნდა იაროთ, ზედაპირი სველია.

წამოსვლისას გზად შეგხვდებათ კაფე, რომელსაც ძალიან ლამაზი ხედი აქვს. ფასები აქაც მისაღები, ხალხი ბევრი, ძირითადად, ფრანგი ტურისტები. იდეალური ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად.

აქაც გზად არავინ და არაფერი შეგხვდებათ ქართული, რაც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ბასკებისა და ქართველების ნათესაობა მხოლოდ მეცნიერულ თეორიად რჩება.

ინგლისური ძალიან ცოტა ადგილას გამოგადგებათ, ესპანური თუ არ იცით, ყველა ბასკი ჟესტებით, ემოციებითა და გადიდებული, აწყლიანებული ციმციმა თვალებით აუცილებლად გაგაგებინეთ რისი თქმაც უნდათ.

ბილბაოდან აუცილებლად უნდა წახვიდეთ სან - სებასტიანში, ლეკეიტიოში და სანტანდერში. 1 დღე საკმარისია თითოეული მათგანისთვის.

ისე, დასაწყისშივე ვახსენე პალმა დე მაიორკა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოითქმის სწორად. ესპანურად Palma De Majorca, სადაც ,,j“ გვაძლევს ,,i” ს, ხოლო ინგლისურად Palma De Mallorca. ყველა ვერსია მოსმენილი მაქვს, გარდა გრამატიკულად სწორი ვერსიისა.