ფრენის დაგვიანება 3 საათით - ქართული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული Sky Lawyer-ის მონაწილეობით საქართველოს სასამართლოების მიერ. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ევროკავშირის #261 რეგულაციის ანალოგიურ სამართლებრივ აქტს, კერძოდ კი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის #122 ბრძანებას. ამავე დროს, ევროკავშირის #261 რეგულაცია და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #122-ე ბრძანება ავია მგზავრს ავიაკომპანიისაგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს მხოლოდ რეისის გაუქმების შემთხვევაში. თუმცა, ევროკავშირის ფარგლებში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული არის რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა რომ ავიაკომპანიის მიერ რეისის გაუქმება და რეისის ხანგრძლივი დაგვიანება (3 საათზე მეტი დროით) თანაბარ მოვლენად განიხილება მგზავრისათვის კომპენსაციის უფლების მინიჭების თვალსაზრისით და ორივე ამ შემთხვევაში მგზავრს უფლება ენიჭება მოითხოვოს ფიქსირებული კომპენსაციის გადახდა. 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს #122 ბრძანებაც ანალოგიურად არ შეიცავს მითითებას რეისის ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრისათვის კომპენსაციის გადახდის უფლების მინიჭების თაობაზე, თუმცა Sky Lawyer-ის მიერ წარმოებულ ამ პრეცედენტულ დავაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #122 ბრძანება განმარტა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა რეისის 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში მგზავრისათვის კომპენსაციის უფლების მინიჭება. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სასამართლო დეტალურად მსჯელობს ევროკავშირის #261 რეგულაციის და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სრულად იზიარებს ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას ქართული სამართლებრივი აქტების განმარტებისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საქართველოში ავია მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით ევროპული სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში განხორციელებული ყველა ავია რეისის მგზავრს უფლება მიეცეს მოითხოვოს კომპენსაციის გადახდა არა მხოლოდ რეისის გაუქმების, არამედ რეისის 3 საათით ან მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

 



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე